თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია. უწყების ინფორმაციითვე, მძღოლი უკვე დაკავებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება." - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.





