ტაილანდი

ილონ მასკი ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების დასახმარებლად ინჟინრებს გზავნის

BBC

ილონ მასკი ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების დასახმარებლად Boring Co-ს და SpaceX-ის ინჟინრებს გზავნის.

მასკის თქმით ინჟინრებს, რომლებიც სატრანსპორტო სისტემებისათვის გვირაბების გათხრაზე მუშაობენ ბიჭების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად რამდენიმე იდეა აქვთ, თუმცა მათ მდგომარეობა ადგილზე უნდა შეაფასონ.

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელის, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელის დასახმარებლად მომუშავე ტაილანდის ფლოტის ყოფილი მყვინთავი დაიღუპა.

ამჟამად გამოქვაბულში 5 კილომეტრიანი კაბელის შეყვანაზე მუშაობენ, რათა ჟანგბადის მიწოდება მოხერხდეს.

ჟანგბადის დონე იმ გამოქვაბულში, სადაც ბიჭები არიან 21%-დან 15%-მდეა შემცირებული.

პატარა ფეხბურთელებს ყვინთვასაც ასწავლიან, თუმცა ბევრმა მათგანმა ცურვაც არ იცის და გამომდინარე იქიდან, რომ დაბალი ხილვადობის გამო გამოცდილ მყვინთავებს გამოქვაბულებამდე მისაღწევად 3 საათი სჭირდებათ მათი ამ გზით გამოყვანა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

სამხედროები მღვიმეების კომპლექსიდან წყლის ამოტუმბვასაც ცდილობენ, თუმცა თუ ეს დროულად არ მოხერხდება, მუსონების სეზონის დაწყებასთან ერთად გამოქვაბულებში წყლის დონე აიწევს და ბიჭები გამოსვლას რამდენიმე თვის მანძილზე ვერ მოახერხებენ.

არსებობს იმ გამოქვაბულის დატბორვის საშიშროებაც, სადაც ბიჭები იმყოფებიან.

ტამ ლუან ნანგ ნონის გამოქვაბულები ტურისტული სანახაობაა. მღვიმეების კომპლექსი მიწის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მათ ნაწილი მთლიანად წყლითაა დაფარული, ხოლო ნაწილი წვიმიან სეზონზე, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში იტბორება.

კომენტარები