ჭუბერი

მღებრიშვილი: ამ ეტაპზე, ჭუბერის ხეობაში სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს

შსს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის თქმით, "სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს". მან სტიქიის ზონაში ჩასვლის შემდეგ აღნიშნა, რომ ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"გიორგი მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა ყველა სარისკო მონაკვეთი. ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

სტიქიის ნენსკრა ჰესთან კავშირს გამორიცხავს ჭუბერის რწმუნებულიც. ნინო ვიბლიანის თქმით, "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“.

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები