კრიმინალი

აშშ-ის სასამართლომ, ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

ინფორმაციას ხურციძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი, მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2-ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე, ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა, აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. ალბათ კიდევ ერთი წელი და გამათავისუფლებენ“, - წერს ხურციძე.

ავთანდილ ხურციძეს, 40 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ის რეკეტსა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.

ქართველი მოკრივე გასულ წელს, ნიუ-იორკში, დანაშაულებრივი დაჯგუფების ათობით სხვა წევრთან ერთად დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაიაც. სასამართლო პროცესი ივნისში დაიწყო, ვერდიქტი კი 19 ივლისს გამოქვეყნდა.

39 წლის მოკრივესთან ერთად, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კრიმინალური ავტორიტეტი რაჟდენ შულაიაც. ხურციძე სწორედ შულაიას ბანდის წევრი და მისი მთავარი „შემსრულებელი“ იყო.

როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, შულაია და ხურციძე ჩართულნი იყვნენ კრიმინალურ სქემებში, რომლებიც მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, თაღლითობას, ქურდობასა და ნაქურდალი ნივთების გადატანას. მათი დაჯგუფება ასევე ჩართული იყო არალეგალურ სათამაშო ბიზნესში, ათეთრებდა ფულს, ქრთამს აძლევდა ადგილობრივ სამართალდამცავებს, ჰქონდათ საროსკიპოც.

გამოძიებამ წარმოადგინა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ხურციძე, შულაიას სახელით, სხვებს ფულს ძალის გამოყენებით ართმევს.

შულაიას დაჯგუფების წევრები ძირითადად ნიუ-იორკში მოქმედებდნენ, თუმცა აშშ-ს სხვა ნაწილებშიც აწარმოებდნენ ოპერაციებს. 

კომენტარები