ხორავას ქუჩის საქმე

ფარდულიდან რამდენ მეტრში იდგა კალანდია - პროკურატურის და შსს-ს განსხვავებული ვერსიები

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის გამომძიებელ-თანაშემწის ირაკლი ფიფიას ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ფარდულში, სადაც არასრულწლოვანი დათო სარალიძე მოკლეს, მიხეილ კალანდია "მყისიერად შევიდა". მან საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა, რომ მოწმეთა ჩვენებებით, ფიზიკურ დაპირისპირების დაწყებამდე, მ.კ გ.ჯ-სთან ერთად იდგა ზურგით ფარდულისკენ, დაახლოებით 1-1.5 მეტრში. 

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა, რომ მიხეილ კალანდია ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ფარდულში მას შემდეგ შევიდა, რაც დაინახა, რომ გ.ბ-მ დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენება დაიწყო.

"სიტყვიერი შელაპარაკება ხდება გ.ჯ-ს და სარალიძეს შორის. გ.ჯ-მ შეაგინა სარალიძეს, რის მერეც იწყება ფიზიკური დაპირისპირება. დათო სარალიძე ეჯახება გ.ჯ-ს რაგბისტის ილეთის მსგავსად, ისინი აღმოჩნდებიან ფარდულში" - ამბობს ირაკლი ფიფია.

სერგი კაპანაძის კითხვაზე, ამის შემდეგ ვინ შევიდა მყისიერად ფარდულში, ფიფია პასუხობს - "მ.კ და დ.ღ".

ფიფიას თქმით, ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ გ.ბ და გ.მ-ც შედიან ფარდულში. ჩხუბის დაწყების დროს, ისინი 8-9 მეტრის მოშორებით, "არკასთან" არიან.

გამომძიებლის ინფორმაციით, დათო სარალიძეს და გ.ჯ-ს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ ფარდულში შედის გ.ბ და რამდენიმე ჭრილობას აყენებს სარალიძეს, ასევე გ.ჯ აყენებს რამდენიმე ჭრილობას.

"ამავე ფარდულში ფიქსირდებიან დ.ღ, გ.მ და მ.კ.

მ.კ ჩვენებებში ამბობს, რომ ცდილობს თავისი მეგობრის გ.ჯ-ს დახმარებას, ვინაიდან სარალიძე ფიზიკურად ძლიერია. ის ურტყამს ხელს დათო სარალიძეს. არასრულწლოვანი გ.მ ამბობს, რომ იგი შევიდა ფარდულში, გადაეღობა უცხო ბიჭი, მაგრამ ცდილობს სარალიძის მოქაჩვას, რა დროსაც იგრძნო ტკივილი, ზურგის არეში" - თქვა ფიფიამ.

სერგი კაპანაძე: ეს დასტურდება ჩვენებებით ხომ? 

ირაკლი ფიფია - დიახ;

სერგი კაპანაძე: ეპიცენტრი არის ფარდული ხო? ანუ იმ ადგილიდან, საიდანაც ჩხუბი დიწყო დაახლოებით 1-2 მეტრია ფარდულამდე, ხომ არ მეშლება?

ირაკლი ფიფია: დაახლოებით;

სერგი კაპანაძე: მე რომ ვთქვა, რომ მაგალითად, მ.კ იყო ფარდულიდან ათ მეტრში, მოვიტყუები ხო? თქვენი ჩვენებებიდან გამომდინარე;

ირაკლი ფიფია: 10 მეტრის მოშორებით წესით ვერ უნდა იყოს;

ამის შემდეგ, სერგი კაპანაძე გამომძიებლებს პროკურორ ირაკლი ფხაკაძის ახსნა-განმარტების ამსახველ ვიდეოს აჩვენებს. რამდენიმე დღის წინ, კომისიის სხდომაზე ფხაკაძემ თქვა, რომ როდესაც გ.ბ ჭრის სარალიძეს, ამას მ.კ ხედავს ფარდულიდან დაახლოებით 8-9 მეტრის მოშორებით და მიემართება ფარდულის მიმართულებით.

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა პროკურორის ჩვენება სიმართლეს, ირაკლი ფიფია პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ირაკლი ფხაკაძე "ყვება სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეებიდან მიღებულ ინფორმაციას".

სერგი კაპანაძე: პროკურორი ფხაკაძე ამბობს ასეთ რამეს, როცა დაჭრეს სარალიძე, მას პირველი ჭრილობები მიაყენა გ.ბ-მ, რომელზეც თქვენც თქვით, რომ ჩვენებების მიხედვით, ჩხუბის დასაწყისში იმყოფებოდა 8-9-10 მეტრის დაშორებით ე.წ არკასთან. პროკურორი ფხაკაძე ავითარებდა ვერსიას, რომ ჯერ გ.ბ-მ მიაყენა ჭრილობები. მ.კ-მ ჭრილობების მიყენება დაინახა 8-9 მეტრის მოშორებით ფარდულიდან და ამის შემდეგ გაემართა ფარდულისკენ, როდესაც დაესხა თავს დათო სარალიძეს, მას ურტყამდა ხელებით და ამავდროულად უყურებდა გ.ჯ-ს, რომელიც აყენებდა დათო სარალიძეს ჭრილობებს. ამ სურათზე 8-9 მეტრი არის მარჯვენა უკიდურეს კედელთან, ხოლო თქვენ რა ადგილიც გვანახეთ, სადაც დაიწყო ჩხუბი, არის ფარდულიდან 1 მეტრის მოშორებით. ათამდე ჩვენება ამტკიცებს თქვენს ვერსიას, ამიტომ გთხოვთ პირდაპირ მიპასუხოთ - ფხაკაძის ვერსია არის მცდარი თუ არა?

ირაკლი ფიფია - ის გარემოება, რომ გ.ბ-მ მიაყენა პირველმა ჭრილობა დათო სარალიძეს და ამას უყურებდა მ.კ, სრულიად შესაძლებელია;

სერგი კაპანაძე: 8-9 მეტრის მოშორებით?

ირაკლი ფიფია: მაგას ზუსტად ვერ გეტყვით;

სერგი კაპანაძემ რამდენჯერმე ჰკითხა გამომძიებელს, ტყუოდა თუ არა პროკურორი, როდესაც ამბობდა, რომ მიხეილ კალანდია ჩხუბის მომენტში 8-9 მეტრის მოშორებით იდგა. ირაკლი ფიფიამ შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა, შემდეგ თქვა, რომ "ეგეთი ჩვენება, რომ კალანდია 8-9 მეტრის მოშორებით უყურებდა გ.ბ-ს მიერ ჭრილობების მიყენებას, არ გვაქვს".

კომისიის თავმჯდომარემ იგივე კითხვა ბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შალვა ბედოიძესაც დაუსვა. ბედოიძემ თქვა, რომ პროკურორ ფხაკაძის ვიდეოს "ამ ერთი ეპიზოდით" ვერ შეაფასებდა. მისი აზრით, "შესაძლოა, ინიციალები იყოს შეცდომა" ან პროცესზე გახდა ცნობილი სხვა ჩვენებები.

ამის შემდეგ, სერგი კაპანაძემ ჰკითხა - "პროკურორი დაივიწყეთ, მე გეუბნებით, როდესაც გ.ბ აყენებდა ჭრილობას დათო სარალიძეს ფარდულში, ამას მ.კ უყურებდა 8-9 მეტრის მოშორებიდან? არის თუ არა სიმართლე, თქვენი მასალებიდან გამომდინარე?", რაზეც შალვა ბედოიძემ უპასუხა - "თქვენი განცხადება ამ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს".

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გამომძიებლებს ჰკითხა, იცნობდა თუ არა პროკურორი საქმის მათ ვერსიას, რაზეც ირაკლი ფიფიამ თქვა, რომ "ზედამხედველი პროკურორი იცნობს საქმის ყველა მასალა".

სერგი კაპანაძე: მაგრამ ვერსიას, როგორ მოხდა მკვლელობა, იცნობდა თუ არა?

ირაკლი ფიფია: ეს ვერსია საქმის მასალებიდან გამომდინარე მოგიყევით და პროკურორი იცნობს საქმის მასალებს, შესაბამისად, იცნობს ამ ვერსიას.

კითხვაზე, გამოძიების რა ეტაპზე შეცვალა პროკურორმა ირაკლი ფხაკაძემ ვერსია და მიიჩნია, რომ "ასე კი არ მოხდა, როგორც თქვენ მოყევით, არამედ, მოხდა სხვანაირად, კერძოდ, მ.კ ფარდულთან კი არ იმყოფებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორც თქვენ მე მომიყევით და როგოც საქმის მასალებით დასტურდება, არამედ, რაღაც ეტაპზე, დასაწყისში ყოფილა ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით. ხომ არ იცით, ეს ვერსია როდის განავითარა პროკურატურამ", ირაკლი ფიფიამ უპასუხა, რომ "ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაცნობთ".

"ეს არ არის უბრალოდ ერთი ეპიზოდი, თქვენს ვერსიას და ფხაკაძის ვერსიას შორის არის ფუნდამენტური განსხვავება. ერთერთი მთავარი ფიგურანტი, თქვენი ვერსიის თანახმად, იმყოფებოდა ფარდულში, მთელი ეს დრო ფარდულთან იქვე და პროკურატურის ვერსიით, მაშინ როცა დაიწყო ჩხუბი და სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდნენ, ის იმყოფებოდა ფარდულიდან 8-9 მეტრის მოშორებით. ეს მარტივი განსხვავება კი არ არის, უმნიშვნელოვანეს რამეზეა საუბარი" - მიმართა სერგი კაპანაძემ გამომძიებლებს.

________________________________________________________________

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს მიხეილ კალანდიას და მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. ამის შემდეგ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა.

კომისიამ უკვე დაკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, ასევე, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ხოლო მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები