სტრუქტურული ცვლილებები

განათლების სამინისტროს დასახელებიდან მეცნიერება ამოიღეს

პირველი არხი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასახელებიდან მეცნიერება ამოიღეს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტროს სახელი ასე ჩამოყალიბდება - "განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო".

ცვლილება განათლების სამინისტროში კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება. თავისმხრივ კულტურისა და სპორტის სამინისტროები 2017 წელს გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით მომხდარი სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს გაერთიანდნენ. 

სხვა სამინისტროების დასახელებებს შორის ყველაზე დიდი ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროს სახელშია, რისი მიზეზიც ამ უწყებაში დევნილთა სამინისტროს გაერთიანებაა. შედეგად სამინისტროს სახელი ასეთი იქნება - "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო".

სახელის ცვლილება არ შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო გაუერთიანდება. ცვლილებების შედეგად ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროთა გაერთიანება ბიუჯეტს 100-120 მილიონი ლარის ეკონომიას მისცემს, რაც შემდგომში სოციალური მიმართულებით უნდა დაიხარჯოს. 

კომენტარები