სტრუქტურული ცვლილებები

მაია ცქიტიშვილი: სამინისტროების ოპტიმიზაცია კადრების შემცირებისთვის არ კეთდება

droa.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, სამინისტროების შეკვეცის შედეგად კადრების შემცირება არ იგეგმება. მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია მართვის ოპტიმიზაციას ემსახურება. 

"მცირე მთავრობის კონცეფცია, პირველ რიგში, ემსახურება მართვის ოპტიმალურ სისტემებს და არა ხალხის შემცირებას. ანუ, ეს იმისთვის კი არ კეთდება, რომ ჩვენ შევამციროთ ხალხი, შესაბამისად, არ გვაქვს საუბარი მასობრივ დათხოვნებთან, საუბარია, პირველ რიგში, მართვის ოპტიმალურ სისტემაზე. საუბარია იმაზე, რომ ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა გაიზარდოს, ბიუროკრატიის ხარჯები უნდა შემცირდეს და და მათი ოდენობა უნდა იყოს დაფიქსირებული 3,9%-ზე, რაც არის ძალიან ობიექტური ხარჯები. 

ამასთან ერთად, უკვე დაანონსებულია როგორც პოლიციელების, ასევე მეხანრძე-მაშვლების ხელფასების ზრდა. ასევე, მასწავლებლების ხელფასების ზრდაც მიმდინარეობს ეტაპობრივად, ამის ფონზე კიდევ უფრო გამოწვევად რჩება ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება", - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე განცხადებით, რა რაოდენობის თანხა შემცირდება მთავრობის ოპტიმიზაციის შედეგად, მას შემდეგ გაირკვევა, რაც სამინისტროების შერწყმის შემდეგ ფუნქციების ინტეგრირების პროცესი დასრულდება. 

"ჩვენ მიზნად დავისახეთ ამოცანად ელექტრონული სერვისების მაქსიმალური განვითარება, ზოგადად სამთავრობო სერვისების ოპტიმიზაცია და უკეთესი მართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციების შესრულებას შესაძლოა უფრო ნაკლები ხალხი დასჭირდეს. მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრვად. რა რაოდენობის ხარჯი იქნება შემცირებული - გადაწყდება მას შემდეგ, რაც მოხდება ფუნქციების ინტეგრირება ამა თუ იმ სამინისტროში. მსგავსი პროცესები უკვე განვითარდა წინა ცვლილებების ფონზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში, ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, როცა მოხდა მათი სტრუქტურული რეორგანიზაცია", - ამბობს ცქიტიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ თავად მამუკა ბახტაძემ დაასახელა თანხა, რომელიც ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება - 100-დან 120 მილიონ ლარამდე. 

ქართული ოცნება მთავრობის ოპტიმიზაციას და სამინისიტროების შერწყმას გეგმავს. ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრი ეყოლება. 

დეტალურად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები