საზოგადოებრივი მაუწყებელი

GNCC-მა Myvideo-ს პირველი არხის გაშვება აუკრძალა, რასაც Myvideo ასაჩივრებს

myvideo

ქართული ონლაინ სტრიმინგ სერვისი Myvideo.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხების გათიშვასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. Myvideo-ს გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა და იურისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პირველ არხსა და Myvideo-ს შორის დავა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის გამო დაიწყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, კი FIFA-სთან გაფორმებული კონტრაქტით მხოლოდ მათ აქვთ ლიცენზია პირდაპირი ეთერით გადასცენ სატელევიზიო და ონლაინ სივრცეში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. ამ მოტივით, ტელეკომპანიამ Myvideo.ge-ს მოსთხოვა შეეწყვიტა პირველი არხის ტრანსლირება. დავაში 28 ივნისს ჩაერთო კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, რომელმაც Myvideo.ge-ს პირველი არხის გაშვება აუკრძალა. 

კომუნიკაციების კომისიის ამ გადაწყვეტილებას Myvideo უკანონოდ მიიჩნევს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას. ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დავტოვებთ მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის ასევე ჩვენი აზრით უკანონო გზებით მიტაცებას. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ სურს ან არ შეუძლია. მიზნის მისაღწევად მათ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროება განიზრახეს, რაშიც სამწუხაროდ აქტიურად ეხმარება კომუნიკაციების ეროვნული კომისია,"- ამბობს Myvideo-ს წარმომადგენელი ირაკლი ცინცაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, FIFA-სთან გაფორმებული კონტრაქტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი ეთერის დროს მათ საქართველოს საზღვრებს გარეთ სიგნალის გადაცემის დაბლოკვასაც ავალდებულებს.

"FIFA-ს რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს  მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია, ამავდროულად დაემორჩილოს კონტრაქტით ნაკისრ მკაცრ ვალდებულებებს (ტრანსლაციის ფარგლებში  რეკლამის განთავსება, საქართველოს გარეთ სიგნალის გადაცემის შეზღუდვა (Geoblocking) და ა.შ.).

კომენტარები