აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ამერიკული მედიის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა ურანის გამდიდრებას აგრძელებს

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი
AP

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეა შეთანხმების მიუხედავად ბირთვული იარაღისათვის ურანის გამდიდრებას საიდუმლო ლოკაციებზე ბოლო თვეების მანძილზე კვლავ აგრძელებს.

NBC News-ს წყაროდ აშშ-ის ოფიციალური პირები მოჰყავს, რომელთა ინფორმაციითაც სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის საკვლევი ცენტრები უმჯობესდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეას სავარაუდოდ ივლისში ეწვევა და ბირთვული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს. თუმცა, პომპეომ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ აპირებს ჩრდილოეთ კორეას კონკრეტული ვადები დაუწესოს.

"მე არ დავაწესებ კონკრეტულ ვადებს, ეს იქნება ორი თვე თუ ექვსი თვე, ჩვენ გვსურს წინსვლა." თქვა მან და განმარტა, რომ აშშ მუდმივად შეაფასებს ჩრდილოეთ კორეის პროგრესს ბირთვული განიარაღების კუთხით და სამომავლო თანამშრომლობის და ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებებს ამაზე დაყრდნობით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ტრამპმა "მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი" უწოდა. დოკუმენტში საუბარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე. კრიტიკოსების აზრით დოკუმენტი ზედმეტად ფართო პირობებს მოიცავს და დენუკლეარიზაციის პროცესთან დაკავშირებული დეტალები აკლია.

კომენტარები