სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურორი ფხაკაძე: გუშინდელი სხდომის დროს ზაზა სარალიძე ტელეფონით მემუქრებოდა

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის გუშინდელი სხდომის პარალელურად მას ემუქრებოდნენ.

ფხაკაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ის კომისიას ახსნა-განმარტებას აძლევდა, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მუქარის ტექსტები შედიოდა და ახსნა-განმარტების პროცესი მუქარის პარალელურად მიმდინარეობდა.

"გუშინ, როდესაც მე კომისიას ვაძლევდი განმარტებას, იმ პროცესში ჩემ კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემ საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რასაც მე კომისიას ვაძლევდი", - აცხადებს ფხაკაძე.

პროკურორის თქმით, მან უკვე მიმართა შესაბამის პირებს. გარდა ამისა, ფხაკაძე აცხადებს, რომ მზადაა მის მობილურზე შესული შეტყობინებები კომისიის წევრებს აჩვენოს, თუმცა სხდომის დახურვის შემდეგ, რადგან ტექსტში არის პირადი შეურაცხყოფა.

"მინდა იცოდეთ, რომ ჩემ მიერ ახსნა-განმარტების პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ", - აღნიშნა პროკურორმა.

კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე შესვენებამდე იქნება საუბარი და სხდომა დაიხურება. მათ თქვეს, რომ მუქარა დაუშვებელია, თუმცა პროკურორს ასევე შეახსენეს თანამდებობის პირების თმენის ვალდებულება. ამის საპასუხოდ ფხაკაძემ განაცხადა:

"რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მნიშვნელოვნად არ იქნა აღქმული, ეს ჩემი შეფასებაა. ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ბატონი ზაზა სარალიძის მიერ".

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღეს შსს-ს წარმომადგენლისა და საქმის პროკურორის მოსმენა გაგრძელდება.

კომენტარები