აშშ-საქართველო

აშშ-ის სენატი საქართველოსთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს

Bill Koplitz / FEMA Photo Library

აშშ-ის სენატმა 2019 წლის ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

დოკუმენტში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში საუბარია ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობის და ინტეგრაციის გაძლიერებაზე რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.

დოკუმენტის მიხედვით აშშ-მა უნდა ჩამოაყალიბოს და განახორციელოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომლის პრიორიტეტი ევროპელი პარტნიორების და მოკავშირეების მხარდაჭერა იქნება, მათ შორის ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს.

დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების დაცვას და ამის ფარგლებში ლეტალური იარაღის მიწოდებას, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და მზაობის გაზრდას და NATO-ს ძალებთან ფუნქციონალური თავსებადობის გაუმჯობესებას.

სენატი ასევე მხარს უჭერს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და ალიანსში საქართველოს სამომავლო გაწევრიანებას.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას, ხელი შეუწყოს ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის რესურსების მობილიზებას და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სრულად გამოყენებას.

 

კომენტარები