ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, რომელიც პარლამენტის ძველ შენობაში მიმდინარეობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრება. ომბუდსმენის თქმით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა გაგრძელდეს და მკვლელობაში მონაწილე პირების გარდა, უნდა გამოვლინდნენ ის ადამიანები, ვისაც შეიძლებოდა საქმის გამოძიებაზე ზემოქმედება მოეხდინა.
"გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა მკვლელობაში მონაწილე პირები. ორი მიმართულებით უნდა წავიდეს გამოძიება, მე არ მინდა გავაკეთო წინასწარი პროგნოზები შეძლებს თუ არა ეს კომისია ან შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ დამატებითი მონაწილეების გამოვლენას, თუმცა უნდა გაგრძელდეს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე პირების დასადგენად და მეორე მიმართულებაა ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო გამოძიება, ვინ ჩაერია ამ საქმეში და რა მიზნით და საერთოდ ჩაერია თუ არა, რომ მსგავსი შედეგი დამდგარიყო, რომ სასამართლოს ვერ დაადგინა რეალური მკვლელი. გარდა მკვლელობაში მონაწილე პირების დადგენისა, გამოძიება უნდა წარიმართოს იმ პირთა გამოსავლენად ვინც გარკვეული ფორმის ზემოქმედება მოახდინა გამოძიებაზე, რომ დამდგარიყო ეს შედეგი. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც გამომძიებლები, პროკურორები, ნებისმიერი პირი რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ამ პროცესზე." -ამბობს სახალხო დამცველი.
დროებითი საგამოძებო კომისია პარლამენტში ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა და ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 თვის განმავლობაში იმუშვებს. კომისიაში უმრავლესობა ევროპულ საქართველოს აქვს, წევრები ასევე არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, ენმ-მ კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა.





