თურქეთი

ერდოღანი: თუ არჩევნებში უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ, კოალიციის შექმნას განვიხილავთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ მისი პარტია არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, კოალიციაში შესვლას განიხილავს. თუმცა, ერდოღანის თქმით ამის შანსი "ძალიან, ძალიან ცოტაა."

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 24 ივნისს გაიმართება. ამომრჩელები პრეზიდენტს და თურქეთის ეროვნული ასამბლეის 600 პარლამენტარს აირჩევენ.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო, ხოლო მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს.

გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად მეტი ძალაუფლება ექნება, რადგან ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა.

არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერდოღანის თქმით ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აღმასრულებელი პრეზიდენტი.

"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი და მთავრობა შეთანხმებულად მუშაობენ, ძველი სისტემის პრობლემები ყოველი ნაბიჯისას გვხვდება." "სირიაში და სხვაგან განვითარებულმა მოვლენებმა ახალ სისტემაზე გადასვლა საჩქარო გახადა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის უფრო ძლიერი ნაბიჯები გადავდგათ." თქვა მან სატელევიზიო გამოსვლაში.

კომენტარები