თამაზ ახობაძე თეა წულუკიანის დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მან და ანა სუბელიანმა ფულზე ვაჭრობა დაიწყეს.
"ჩვენ მოვიგეთ სასამართლოში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება აღდგენამდე. ამის შემდეგ [მოგებულზე] გარიგებაზე წასვლა იყო მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება. გარიგების დროს, რადგან ჩვენი მიზანი ნამდვილად არ იყო ვინმე სხვა ადამიანების გათავისუფლება, წამოვაყენეთ ასეთი ორი ალტერნატიული პირობა:
თუ ვერ აღგვადგენდნენ:
ა) მოეცათ განაცდური + ვერ აღდგენის კომპენსაცია 12500 ლარი;
ან
ბ) მოეცათ განაცდური + მოეხადათ ბოდიში ოფიციალურად.
ჩვენ თავად ვიტყოდით უარს აღდგენაზე, რომ პრობლემა არ შექმნოდათ სხვებს, ოღონდ ჩვენი უფლებების დარღვევის გამო ოფიციალურად ბოდიში მოეხადათ.
პასუხად მივიღეთ, რომ აღდგენაზე თუ ვიტყოდით უარს, მოგვცემდნენ განაცდურს 2017 წლის ბოლომდე და ჩაგვირიცხავდნენ ამას 4 ნაწილად. რაზეც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მოგებული გვქონდა აღდგენაც და სრული განაცდურიც დაუყოვნებლივ, უარი განვაცხადეთ.
ბოდიში არის ფულზე ვაჭრობა, შე მატყუარავ?
აუცილებლად მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე! აუცილებლად!", - წერს თამაზ ახობაძე.
თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა.
დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 8 თვის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანა სუბელიანს აცნობა, რომ აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა.
თამაზ ახობაძის შემთხვევაში კი, იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ ახობაძის აღდგენის შემთხვევაში ის სამსახურს დაკარგავს, რაც მისი უფლებების დარღვევაა. ამ მიმართვის საფუძველზე, სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულება ახობაძის და სუბელიანისთვის განაცდურის ანაზღაურების და სამსახურში აღდგენის შესახებ შეჩერდა.