აზიის განვითარების ბანკი

ტაკეჰიკო ნაკაო: მეტი ინვესტიციაა საჭირო საქართველოს მაღალტექნოლოგიურ სექტორში

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოსა და ADB-ს შორის ურთიერთობის გარღმავების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია, რომლის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება $2.4 მილიარდს აჭარბებს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტურქტურული პროექტების დაფინანსებას ხმარდება, რომლისთვისაც საქართველო საგარეო ვალს იღებს. ADB-ის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მისასალმებელია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტი თანხა ჩაიდოს საქართველოს მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში.

“გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განვიხილეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფაქტორები, გასულ წელს ტურიზმის ზრდამ 30% შეადგინა და კვლავ განაგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მგონია რომ მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ინფლაციის დონე კონტროლს ემორჩილება. რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის (საგადასახდელო ბალანსის) დეფიციტს ის დაფინანსებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მეშვეობით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის, მაგრამ საჭიროა, რომ ქვეყანამ განაგრძოს რეფორმები და მიიღოს სარგებელი ბიზნესის კეთების ინდექსის გაუმჯობესებით. მეტი ინვესტიციაა საჭირო განსაკუთრებით საქართველოს მაღალტექნოლოგიურ სექტორში, ასევე საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარებაც. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი დერეფნის მშენებლობაში ეხმარება,“- ამბობს ტაკეჰიკო ნაკაო.

“ჩვენ გვაქვს აზიის განვითარების ბანკის სრული მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. ამ მიმართულებებით, აზიის განვითარების ბანკი პირდაპირ პასუხობს ჩვენს გამოწვევებს და გვეხმარება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები