არადამიანური მოპყრობა

POG: მარნეულის ინციდენტში ენმ-ის წევრი და მარნეულის საკრებულოს ოცნების წევრიც მონაწილეობდნენ

საქართველოს პროკურატურა

ქ.მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო მისი ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე  ე.გ-ს მიმართ. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი რუსთავის პროკუტრატურაში ჯარჯი წიკლაურმა გამართა. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." - თქვა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისმობს დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობას, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ჯგუფურად, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;

რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ჯგუფურ ძალადობას გულისმობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე", - ამბობს მოქალაქე.

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

მთავარმა პროკურატურამ მარნეულში მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით - ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. 

კომენტარები