ხორავას ქუჩის საქმე

ლომჯარია: გამოძიებას მოწმეთათვის არ დაუსვამს ის კითხვები, რაც დამნაშავეებს გამოავლენდა

ტაბულა

"მალასების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში", - წერია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას სპეციალურ განცხადებაში.

სახალხო დამცველის სამსახურმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის 10-ტომიანი საქმე შეისწავლა. ლომჯარიას უწყებამ ჩატარებული გამოძიების შესახებ საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა. 

"ჩვენს მიერ ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, რომელთა გარშემოც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.

ამავდროულად, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა).

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული.

ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს სასამართლო განხილვის მასალები, რომელთაც სასამართლოში გავეცნობით. ასევე, მნიშვნელოვანია გავეცნოთ განაჩენს, რომელიც კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საბოლოო დასკვნას საზოგადოებას ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ წარმოვუდგენთ,"- წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა. მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ეს ბრალი არასწორადაა წარდგენილი, რადგანაც სწორედ მირზა სუბელიანის ორგანიზებით "შეკერა" პროკურატურამ ეს საქმე. სუბელიანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს.

 

კომენტარები