ადა მარშანიამ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე კომისიის სხდომა დატოვა

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა. მიზეზად მან კომისიის მუშაობაში ევროპული საქართველოს წევრების მონაწილეობა დაასახელა. 

მარშანია ფიქრობს, რომ პროკურატურა თავად უნდა კითხავდეს გიგა ბოკერიას და არა პირიქით, ბოკერია იბარებდეს პროკურატურის წარმომადგენლებს პარლამენტში კითხვების დასასმელად. 

“იმის მაგივრად, რომ შეეფასებინათ ზნეობრივად, პოლიტიკურად და სამართლებრივად 9- წლიანი რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილის ხელმღვანელობით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა, რომელსაც დღემდე ახორციელებს. ამ კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსობის პიკი. ცინიზმს და უნამუსობას პარლამენტში არა აქვს საზღვარი და ვხედავ, რომ ეს საზღვრები გარღვეულია ამ თვალსაზრისით. ბატონო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ თქვენ დაგებარებინათ ბოკერია და დაგეკითხათ, ახლა თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ - თქვენ უკვე აიზილეთ “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში და ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, რადგან მკვლელებსა და სადისტებს ხელს აფარებთ. ეს კომისია არის ამის გვირგვინი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში“, - თქვა ადა მარშანიამ.


კომისია დღეს პირველად შეიკრიბა და სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მასალებს შეისწავლის, ასევე, როგორც მისმა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, კითხვებს დაუსვამს ყველას, ვის მიმართაც ისინი არსებობს - ირაკლი შოთაძეს, თეა წულუკიანს და ა.შ.

მთლიანობაში კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

კომისიის შემადგენლობაში ევროპული საქართველოს მხრიდან არიან სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. 

ქართული ოცნების მხრიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. 

ასევე, კომისიის წევრები არიან პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ადა მარშანიამ კომისიის სხდომა დატოვა, ეკა ბესელიას აცილება კი ზაზა სარალიძემ მოითხოვა.

კომენტარები