ვინ "მიიწერა" სარალიძის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ ისაუბრა და დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საკითხსაც შეეხო. 

პრემიერის თქმით, კომისია საპროტესტო აქციების დაწყებამდე გადაწყდა, "ვინმემ რომ არ მიიწეროს". 

"სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოითვალოს ეს რეაგირებები: პარლამენტმა მყისიერად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც არის უპრეცედენტო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამდე, სანამ რუსთაველზე აქციები დაიწყებოდა, ვინმემ რომ არ მიიწეროს, იმიტომ რომ მაშინვე გაკეთდა განცხადებები. შემდგომში, გამომდინარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე, მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით და დაიკითხა უამრავი ადამიანი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები", - თქვა პრემიერმინისტრმა. 

როგორ შეიქმნა კომისია

რეალურად, ქართული ოცნება კომისიის შექმნას თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან ვითარება გამწვავდა და მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ აქციების გამართვა დააანონსა, ქართულმა ოცნებამ პოზიცია შეცვალა. მათ კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოუწოდებდა.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში 31 მაისს გადაწყდა. 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“.

ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობას - პარტია ევროპულ საქართველოს ეკუთვნოდა. პარტიამ კომისიის შექმნის საკითხი 28 მაისს დააყენა - დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ კომისიის შექმნის მოთხოვნით წერილი პარლამენტის კანცელარიაში სწორედ ამ დღეს ჩააბარა. 

რას ამბობდნენ მმართველ გუნდში

30 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობდა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. 

"ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ზაზასთან, მე პირადად მქონდა კომუნიკაცია. შევთანხმდით, რომ შაბათს შევხვდებით და ყველა საკითხი რაც მას აწუხებს იქნება მოწოდებული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მივეხმარებით ამ ადამიანს სამართლიანობის აღდგენაში და იმის დამტკიცებაში რეალურად რა მოხდა.

ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჯერ ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა ამოვწუროთ და თუ შემდეგ დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი, შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია სწორი იყოს“- თქვა სოფო კილაძემ 30 მაისს. 

ამავე დღეს მმართველი გუნდის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა: 

"მე მაინც, ამ ეტაპზე, იმ ადამიანების რიგს ვეკუთვნი, რომლებმაც უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომელსაც სასამართლო დაადგენს ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კრიტიკულები. თუმცა კითხვები მაქვს, აუცილებლად მექნება ამ ორგანოებთან დაკავშირებით კითხვები და იმედი მაქვს მოვისმენ ამ კითხვებზე პასუხს“ - თქვა 30 მაისს ქართული ოცნების წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. 

ქართული ოცნების სხვა წევრებს ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ. 

საპროტესტო აქციები

31 მაისს, დაახლოებით დილის 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული 2 პირიდან ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში ორივე მათგანი გამტყუნდა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კი ერთ-ერთი გამართლდა, მეორეს კი ბრალი მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირდა. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ საქმეში დავით სარალიძის მკვლელი არ ფიგურირებს. 

ეს ფაქტი მოკლულის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან გააპროტესტა, რასაც შემდეგ რამდენიმედღიანი მასშტაბური აქცია მოჰყვა. თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. თუმცა, სარალიძე მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, ასევე ითხოვს საქმის პროკურორების დასჯას. ის თვლის, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა და რომ ეს უწყების მაღალჩინოსნების ბრალია. პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილება 31 მაისის აქციის პარალელურად დაადგინა. 

საბოლოო კენჭისყრა კი 6 ივნისს გაიმართა. კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

კომისიის შემადგენლობაში ევროპული საქართველოს მხრიდან არიან სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. 

ქართული ოცნების მხრიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. 

ასევე, კომისიის წევრები არიან პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 

კომისიის პირველი სხდომა დღეს მართება. სხდომაზე ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა. 

კომისია სულ სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. 

კომენტარები