არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა - ექსპერტიზის დასკვნა

ამერიკის ხმა

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ 2018 წლის 31 მაისს არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის თანახმადაც, "არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულნი არიან რაიმე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მრავალჯერადი ზემოქმედებით". 

უწყების ცნობით, ამ დასკვნის დასკვნის საქმის მასალების საფუძველზე, საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს, არჩილ ტატუნაშვილის და მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობდა (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). საქმეში წამების მუხლი არ ფიგურირებდა. 

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და მოკლეს. მისი ცხედარი საქართველოში მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. 

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, 24 მარტს დაკრძალეს.

კომენტარები