ფეხბურთი

არგენტინამ ღაზას სექტორში პალესტინელების დაღუპვის გამო ისრაელთან მატჩი გააუქმა

ლიონელ მესი დასავლეთ სანაპიროზე გაკრულ პოსტერზე წარწერით: "ყურადღება, თქვენ ახლა შედიხართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე! მხარი დაუჭირეთ ადამიანის უფლებებს! იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია."
AFP

არგენტინამ ისრაელის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატამდე დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ღაზას სექტორში მომხდარი დაპირისპირებების და პალესტინელების დაღუპვის გამო გააუქმა.

აგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, გონზალო იგუაინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "როგორც იქნა, სწორი ნაბიჯი" გადადგეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა "ანტი-სემიტისტების ზეწოლას" ვერ გაუძლეს.

პალესტინის საფეხბურთო ასოციაციამ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს, ლიონელ მესის და მის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

"დღეს ფასეულობებმა, მორალმა და სპორტმა გაიმარჯვა და თამაშის გაუქმებით ისრაელს წითელი ბარათი აჩვენეს." ნათქვამია საფეხბურთო ფედერაციის თავმჯდომარის, ჯიბრილ რაჯუბის განცხადებაში.

რაჯუბმა თამაშის გაუქმებამდე პალესტინელებს მოუწოდა დაეწვათ ლიონელ მესის სურათები და მაისურები.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ იერუსალიმში საელჩოს გადატანის შემდეგ ღაზას სექტორში დაპირისპირებას სულ მცირე 120 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ მათმა სნაიპერებმა ცეცხლი მხოლოდ თავდაცვის მიზნით გახსნეს, რადგან პალესტინელთა ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევას ცდილობდა. მათ დაპირისპირებაზე პასუხიმგელობა ჰამასს დააკისრეს.

კომენტარები