საქართველოს სახალხო დამცველი

დარღვევები უსინათლო ბავშვთა სკოლაში - მცირე საკვები, ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და სხვა

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, თბილისში, უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში (N202 საჯარო სკოლა) მრავალი დარღვევა გამოიკვეთა. უწყებაში აცხადებენ, რომ პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიის საკითხები.

გარდა ამისა, ომბუდსმენის ინფორმაციით, მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა, რის გამოც საკვები მშობლებს და სკოლის პერსონალს სახლიდან მიაქვთ.

"მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა. მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფაა გათვალისწინებული", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

"აღნიშნულს ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ფაქტი, როდესაც 202-ე საჯარო სკოლის 13 წლის უსინათლო აღსაზრდელი დაწესებულების მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

მათივე განცხადებით, ეს დარღვევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას აბრკოლებს.

თბილისის N202 საჯარო სკოლის შემოწმებაზე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც იმყოფებოდა. ის შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო. 

N202 საჯარო სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს პანსიონურ მომსახურებას უწევს.

კომენტარები