სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ის პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, დისკუსია ჩვენი ფრაქციების, საპარლამენტო უმცირესობის შიგნით და შედეგად, ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძე", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

სერგი კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა კომისიას კითხვებზე პასუხის მოძებნის საშუალება ექნება.

მისი განცხადებით, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან რთული საქმე, რომელიც ავიღეთ ჩვენს თავზე. ასევე,ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისია იქმნება. თუმცა კითხვებზე პასუხის მოძებნის საშუალება ამ კომისიას ექნება.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოებრივი ზეწოლის გამოყენებით შეძლებს ნათელი მოჰფინოს ამ საკმაოდ რთულ სიტუაციას - იმას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე და რაც მოხდა პროკურატურასა და სხვა უწყებებში, რამაც გამოიწვია დღეს არსებული შედეგები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული სამუშაო, მარტივი არ იქნება ამის გაკეთება, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა, ევროპული საქართველო, ეს კომისია და პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კითხვები იყოს პასუხგაცემული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს და ინსტრუმენტს, რომელიც გააჩნია ამ კომისიას კანონით, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების დაკითხვა, მათი მოწვევა კომისიაზე, სხვა ინფორმაციის გამოთხოვა, რათა საზოგადოებამ უმოკლეს ვადებში გაიგოს რეალურად რა მოხდა", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის კონტროლს ქვეშ მყოფმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი წნეხი ხელისუფლებაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. 

"მისი [კომისიის] პირდაპირი ფუნქციაა გამოავლინოს ხელისუფლების მოქმედებები ამ დანაშაულის გამოძიებისას და ნათელი მოჰფინოს იმას, თუ რამ შეიყვანა ჩიხში ეს ყველაფერი. ახალმა დამოუკიდებელმა პროკურორმა, თავის ახალ გუნდთან ერთად ეფექტურად უნდა გამოიძიოს საქმე და დასაჯოს დამნაშავეები - ისინიც, ვინც ჩაიდინა მკვლელობა და ისინიც, ვინც, შესაძლოა, ხელი დააფარა ან დანაშაულებრივი გულგრილობით კრიზისში შეიყვანა ეს ვითარება." - თქვა გიგა ბოკერიამ.

დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე იმუშავებს, უმრავლესობა ევროპულ საქართველოს ექნება. კომისიაში სულ 17 წევრი იქნება, აქედან 9 იქნება ევროპული საქართველოდან.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საპარლამენტო კომისიის შექმნა ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინ, საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოითხოვა.

კომენტარები