საქართველოს სახალხო დამცველი

ლომჯარია: მოგიწოდებთ დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ გამოძიებას

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

"დღეს მისული ვიყავი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. მსურდა ბატონი ზაზას ნახვა და მასთან გასაუბრება, მაგრამ ის არ იყო ადგილზე. ადგილზე იმყოფებოდა ბატონი ზვიად კუპრავა რომელთანაც გამოვხატე საუბრის სურვილი, თუმცა, აქციის დასრულებამდე მან ჩემთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძე იმყოფებოდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე, სადაც შევხვდი ბატონ ზაზას და გავესაუბრე. მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა ის, რომ მან ნახოს მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება. ჩვენი შეხვედრის დროს მე ბატონ ზაზას გავაცანი ინფორმაცია, თუ რა საკითხების გარშემო ვმუშაობთ. გამომდინარე იქიდან, რომ ის აპირებდა აქციის დატოვებას, მე, როგორც სახალხო დამცველმა შევთავაზე მას გადაადგილება ჩემი სამსახურეობრივი ავტომანქანით.

პარალელურად, ამ პრესკონფერენციამდე რამოდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ შევხვდი მას და ვესაუბრე. მთელი ამ დროის განმავლობაში მე მასთან მქონდა პირადი, ხშირი კონტაქტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ხორავას ქუჩაზე მიმდინარე საქმეზე ყველას გვაქვს კითხვის ნიშნები. ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება პასუხები. სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის მონიტორინგს. აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე გარდაცვლილი პირების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს. ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლას.

აქვე მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ, ვთხოვ, მაქსიმალურად დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენ შევეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორნიგის შედეგების შესახებ. ასევე, სახალხო დამცველმა პარალელურად გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები შესაფასებლად და შესწავლას ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, როგორც კი მოგვეწოდება აღნიშნული საქმის მასალები."

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგამდე განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე იმყოფება იქ, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე დღეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" მივიდა.

სარალიძემ ვაკის პარკი სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ვაკის პარკის დატოვება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ.

"აქციას არ ვტოვებ, სახლში მივდივარ. თუ აქაც დავინახავ მარტო ხალხს, მოვალ", - თქვა მან.

ზაზა სარალიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე აპირებდა მისვლას.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.

ვაკის პარკში აქცია დასრულდა და ორგანიზატორების თქმით ხვალ 19:00 საათზე გაგრძელდება.

კომენტარები