84 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნა. პარლამენტმა დადგენილების პროექტი რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ევროპული საქართველო გამოვიდა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი, გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო სარალიძის არა მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.
სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს შენობაში და ეზოში ხმაური იყო. დაზარალებულები გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას მართავს.





