სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ სარალიძის მკვლელი დაკავებული და დასჯილი არ არის

Mediamall.GE

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული (გ.ბ.) დამნაშავედ ცნო მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო სარალიძის მკვლელობაში გაამართლა. მეორე ბრალდებული (გ.ჯ.) კი გაამართლა დადუნაშვილის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო არა სარალიძის მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებს შორის დავით სარალიძის მკვლელი არ არის და ის ამ დრომდე თავისუფალია.

"სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში", - აცხადებენ სასამართლოში.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო.

როგორც ბრალდებულების, ასევე დაზარალებული ოჯახების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურის სისუსტეზე და ბრალის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

"ეს განაჩენი კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის უსუსურობას, იმას, რომ საქმე არ იყო გამოძიებული. დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა და ამ განაჩენით ეს ვერ იქნა დასაბუთებული, ანუ მოსამართლეს სხვა გზა აღარ ჰქონდა", - აცხადებს სარალიძეების ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატიც. მისი თქმით, ლევან დადუნაშვილის ნაწილში სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, თუმცა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ დავით სარალიძის მკვლელი დაუსჯელია.

"როგორც ველოდით, ლევანის ნაწილში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი იმ პირის მიმართ, ვისაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი. რაც შეეხება დათოს ნაწილში, ამ ნაწილში იყო კითხვები. დათოს ნაწილში გაგვიჩნდა პროტესტის განცდა. ფაქტიურად დათოს მკვლელი დადგენილი არ არის", - აცხადებს ხათუნა მაღლაკელიძე.

სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან ისაუბრეს ბრალდებულების ადვოკატებმაც.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა იმ არასრულწლოვნის უფლებადამცველიც, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში გაამართლეს, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში კი დამნაშავედ ცნეს. ინგა შარაშენიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დადუნაშვილი არ მოუკლავს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა.

"არის განაჩენი, რომელიც უნდა გაუქმდეს. უამრავი გარემოებაა, რაზეც აპელაციამ უნდა იმსჯელოს. მე უფრო სხვა გადაწყვეტილებას ველოდი - ლევან დადუნაშვილის ეპიზოდში 117-ე მუხლს (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და დავით სარალიძის ნაწილში სრულად გამართლებას. საერთოდ არ ჰქონია დავით სარალიძესთან შეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ეს კარგად იცოდა ზაზა სარალიძემაც. არაერთი დაზიანება აქვს ლევან დადუნაშვილს, როგორც სხეულზე, ასევე ხელებზე. გარდა ამისა, არის დაზიანებები ტანსაცმელზე, რომელიც სხეულზე არ არსებობს. არხის მიმართულებები არის აბსოლუტურად სხვა. შესაბამისად, ველოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფერდის მიდამოში დაჭრისთვის უნდა ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დასჯილი და განზრახ მკვლელობაში უნდა გამართლებულიყო. შესაბამისად, ამ ნაწილში არ ვეთანხები", - ამბობს გ.ბ.-ს ადვოკატი.

ინგა შარაშენიძის ინფორმაციითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მისცა ჩვენება და დაასახელა პირი, ვინც ლევან დადუნაშვილს გულ-მკერდის მიდამოში დაარტყა. ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ მას პროკურორები ხელახლა დაკითხავენ და გამოძიება ამ მიმართულებით წარიმართება.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დაასახელა პირი, ვინც დაარტყა გულ-მკერდის მიდამოში ლევან დადუნაშვილს. გუშინ პროკურორმა განაცხადა, რომ ვინაიდან ეს დღეები სულ პროცესები იყო, გადაწყვეტს საგამოძიებო ორგანო შევლენ და დაკითხავენ აღნიშნული გარემოების ირგვლივ. ვეცდები, რომ გამოძიება წარიმართოს იმ ეპიზოდში და დამნაშავედ ცნოს მეორე ეპიზოდში, ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ შემთხვევაში დარჩება მხოლოდ ფერდის მიდამოს განზრახ დაზიანება", - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს, ინგა შარაშენიძის თქმით, არასრულწლოვანს ეს დაზიანებები მიაყენა ორმა პირმა, რომლებიც არიან დაუსჯელები.

იმ ბრალდებულის (გ.ჯ.) ადვოკატი, ვინც სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში გაამართლა ხოლო დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში, ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, უცნობია ვინ მოკლა დავით სარალიძე.

"ამ განაჩენით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ არის ცნობილი ვინ მოკლა დავით სარალიძე, არ ვიცით, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. სამხარაულის ექსპერტიზამ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 5 შემავალი ჭრილობიდან არც ერთი არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიყენებული. ასევე, გამართლდა კანონთან კონფლიქტში მყოფი მეორე არასრულწლოვანი ბავშვი. შესაბამისად, გამოძიებით დაუდგენელია, ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა. ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები, შესაბამისად, გამოძიება ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. ფაქტობრივად დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან. ახლა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცევა, რა ღონისძიებებს გაატარებს იმ გამომძიებლების და პროკურორების მიმართ, რომლებმაც გააყალბეს მტკიცებულებები და დამალეს ნამდვილი დამნაშავეები. ამ განაჩენით ცალსახად დადგინდა, რომ არ არის ცნობილი, ვინ მოკლა დავით სარალიძე", - აცხადებს ირაკლი ჩომახაძე რუსთავი 2-თან.

ბრალდებული გ.ჯ.-ს კიდევ ერთი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძეც აცხადებს, რომ დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

"ჩვენ პირველივე დღიდან ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ დანაშაულის რეალური ჩამდენი პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ბიძგი, რომ საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში მისცეს დანაშაულში რეალურად მონაწილე პირები", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა პროკურატურაც. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობდა მტკიცებულებები მკვლელობაში მხოლოდ ორი პირის მონაწილეობის შესახებ.

"სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი. მას შემდეგ რაც სასამართლო ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას მოგვაწოდებს, მისი დასაბუთების შესაბამისად, ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომელი მტკიცებულებები გაიზიარა მოსამართლემ და რომელი არა. რაც არ უნდა ეწეროს განაჩენში, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

პროკურორმა დღეს ასევე განაცხადა, რომ "გამოძიებაზე არც ერთი პირის მხრიდან არანაირი სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია".

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს შენობაში და ეზოში ხმაური იყო. დაზარალებულები გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. შსს-ს მათ წვრილმან ხულიგნობასა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას მართავს.

კომენტარები