სასამართლომ მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა. ამით მოსამართლემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ერთობა 2013-ში გაერთიანებულ მეტროს მემანქანეებს გაფიცვა მხოლოდ არასამუშაო საათებში შეუძლიათ. 

სასამართლო განმარტავს, რომ გაფიცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და რომ ყველას შეუძლია, პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.

თუმცა, ამავე განმარტებით, "აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად". სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ყველაზე იაფი და სწრაფი მუნიციპალური ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად 400 000-მდე მგზავრი სარგებლობს.

"მისი შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს.

მოქალაქეებთან ერთად, დაბრკოლდება და შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფ პირთა გადაადგილება (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, როგორც სამსახურამდე დროული გადაადგილება, მათ შორის მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით, ასევე ამ სამსახურების სარგებლობაში არსებული სპეციალიზირებული ტრანსპორტის გადაადგილება, რითაც შეფერხდება ჯანდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების გაწევა). აღსანიშნავია რომ გაფიცვის უფლებით  სარგებლობს მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეთა 80%-ზე მეტი, რაც შეუძლებელს გახდის მუნიციპალური მიწისქვეშა ტრანსპორტის (მეტროს) უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას.

სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სცადა დაებალანსებინა, როგორც პროფესიულ კავშირებში გაერთიანების და გაფიცვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ელ-მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა შესაძლოა ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს, შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ში გაერთიანებულ მემანქანეებს დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ. 

სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ევროპული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაა და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე", - აცხადებს საქალაქო სასამართლო. 

თბილისის მეტროს მემანქამეებმა გაფიცვა 2018 წლის 3 მაისს დააანონსეს. ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმება ვერ მიაღწიეს - 25 აპრილს თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს, ამ ეტაპზე, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს.

მეტროს მემანქანეების ხელფასი თვეში 1150 ლარია. მათი თქმით, ისინი საათში 7 ლარს იღებენ, მათ კი ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდა სურთ. მათი თქმით, ეს ანაზღაურება მათ ყოველდღიურ გარემოს, ცვლების და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შეუსაბამოა. 

თუმცა, 3 მაისს გაფიცვა არ შედგა - სასამართლომ მათ ეს უფლება მათ 1 თვით შეუზღუდა. 21 მაისის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა. 

კომენტარები