ბავშვებზე ძალადობა

ბავშვებზე ძალადობისთვის ბაღის აღმზრდელის თანაშემწეს პირობითი სასჯელი შეეფარდა

ძალადობა ბავშვებზე
thelibertybeacon.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში (ორი ეპიზოდი) ბრალდებული ე.ჯ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ.-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც ის იატაკზე დააგდო.

"ასევე, ბრალდებულმა 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე.ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა" - აცხადებს პროკურატურა.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელის თანაშემწეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

კომენტარები