ბავშვებზე ძალადობა

ომბუდსმენმა გურჯაანში ბავშვების ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მცირეწლოვანი ბავშვების ცემის ფაქტს. დაზარალებულ ბავშვთა ინტერესების დასაცავად და დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა. 

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დროულად და ეფექტიანად უზრუნველყონ ძალადობის მსხვერპლი სამი მცირეწლოვანი ბავშვი ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციით, უსაფრთხო და სათანადო სააღმზრდელო პირობებით, საჭიროების შემთხვევაში კი, ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსებით და შემდგომი ზედამხედველობით.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ამავდროულად, გამოძიების ყოველ ეტაპზე დაიცვან ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრისთვის შეიმუშაოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირეწლოვანთა, როგორც მომეტებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებების განუხრელ დაცვას.

"საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას", - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომას იღებენ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, "რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი პირის მხრიდან ნებისმიერი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან".

ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა (CRC) 2008 წლის 23 ივნისის "ბავშვის უფლებების შესახებ დასკვნითი შენიშვნების" პარაგრაფებში მიუთითა საქართველოს ვალდებულებაზე, მიიღოს ყველა ზომა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

"სამწუხაროდ, აღნიშნული ვალდებულების ეფექტიანად შესრულება დღემდე ვერ ხორციელდება და საქართველოში კვლავ არაერთი ბავშვია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი", - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

ცნობისთვის, გურჯაანში ბავშვების ცემის ფაქტზე წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს, 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები