სპეცოპერაციები კლუბებში

ნაცვლიშვილი: შესასწავლია, სპეცოპერაციის აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით

პრეზიდენტი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აუცილებლობად მიიჩნევს, გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროისათვის, იმ ადგილას და იმ ფორმით. ნაცვლიშვილის თქმით, მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და პრეზიდენტის დავალებით, ისინი ყურადღებით და მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან დღეს პარლამენტის ძველ შენობასთან გამართულ აქციას.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად, მაგრამ, რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აუცილებელია მოხდეს ფაქტების დეტალურად და მიუკერძოებლად შესწავლა. დღეს, სამ საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრების და საპროტესტო აქციის ორგანიზებას.  მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობა უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა." - ამბობს ნაცვლიშვილი.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

დღეს 15:00 საათზე პარლამენტის ყოფილ შენობასთან საპტოტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით "ჩვენ თავისუფლებისთის გავდივართ გარეთ."

 

კომენტარები