სპეცოპერაციები კლუბებში

გახარიამ ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა, აქციამ ერთ კვირიანი პაუზა აიღო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" ამ დროისთვის დაიშალა. დაშლას წინ ორგანიზატორების შს მინისტრთან შეხვედრა უძღოდა.

შეხვედრის შემდეგ შს მინისტრმა პარლამენტთან შეკრებილები მიმართა, ბოდიში მოუხადა და მისივე თქმით, "საქმეზე საუბარი განაგრძო".

გიორგი გახარიამ შემდეგი პირობები გასცა: ხვალ, 14 მაისს, დილით 10 საათზე, აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა და პარასკევის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა". 

"იმისთვის, რომ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვნოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში. ამიტომ მე გპირდებით, რომ ხვალ დილით 10 საათზე თქვენს წარმოამდგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა იქნება უფლება აღდგენილი. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით", - უთხრა გახარიამ აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, თუ ეს პირობები არ შესრულდება, თავისუფალ ქალაქში პარლამენტის წინ შეკრება ყოველთვის შეიძლება.

გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს და "იმ დაპირებების გათვალისწინებით, რაც გაიცა, მიეცეს საშუალება თბილისს, იცხოვროს ნორმალური ორშაბათი დღით".

შს მინისტრმა გამოხატვის თავისუფლების მიღწევების შენარჩუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს კონფლიქტისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, "თითეული ქართველი მოქლაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი - არ აქვს მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს".

აქციის ორგანიზატორებმა ერთ კვირიანი ვადა აიღეს და პირობა დადეს, რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ.

"თუკი არ შესრულდება დანაპირები, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს. ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ წავა. შაბათს ვაანონსებთ წინასწარ აქციას. უფრო ორგანიზებულს და უფრო დიდ აქციას. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ, ვნახოთ როგორ წავა თანამშრომლობის შემოთავაზება, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომელიც დღეს მივიღეთ და მოვიქცევით შესაბამისად", - თქვა ბექა წიქარიშვილმა.

აქცია, რომელიც კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, დღეს დაძაბულ გარემოში მიმდიანრეობდა - ულტრანაციონალისტური ჯგუფების აგრესიული კონტრაქციებისგან მათ პოლიციის კორდონი ყოფდა.

კომენტარები