სპეცოპერაციები კლუბებში

შსს: გვაქვს ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ყიდდნენ რეალიზატორები ნარკოტიკებს კლუბებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინდელ სპეცოპერაციებთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში ბასიანი და გალერი, ჩატარდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომლის ვიდეოკადრებიც არსებობს. და სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გამოვლენილი 8 პირი დააკავეს წუხელ სპეცოპერაციისას. 

"ვინაიდან გასაღებების მრავალჯერად ფაქტებს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკორეალიზატორების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს წარმოადგენდა სწორედ კლუბების ტერიტორია. ერთერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. მისი დაკავება კლუბში განხორციელდა. პირადი ჩხრეკისას მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო უშუალოდ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდების კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდებოდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის წესით კლუბის არც ერთი სტუმარი დაკავებული არ არის." -წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი.

"კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ.; 1992 წელს დაბადებული ლ.მ.; 1996 წელს დაბადებული ქ.მ.; 1997 წელს დაბადებული მ.მ.; 1995 წელს დაბადებული ბ.დ.; 1994 წელს დაბადებული თ.ჩ.; 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის განთავისუფლებულია და ამ მომენტისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, იმავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გავხდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმეები. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი დადგა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვანი, იქნა გადაყვანილი სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

კომენტარები