აქციის დარბევა

წუხელ აქციაზე დაკავებული ზურა ჯაფარიძე გაათავისუფლეს

გირჩი

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერი, რომელიც გუშინდელ აქციაზე დააკავეს, დილით გაათავისუფლეს. ჯაფარიძის თქმით, წუხელ სახელმწიფომ თავისი ქმედებით ყველას გასცა პასუხი, რომ ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება. ჯაფარიძე გუშინდელი სპეცოპერაციისა და აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზეც საუბრობს.

"ის, რაც ვნახეთ ჩვენ ყველამ გუშინ ღამით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჯერ ბასიანთან, შემდეგ პარლამენტის ძველი შენობის წინ, იყო წარმოუდგენელი ამბავი. მე მგონი, არავინ ამ ქვეყანაში მსგავს ქმედებას სახელმწიფოს და კონკრეტულად პოლიციის მხრიდან არ ელოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნესსექტორზე, გარდა იმისა, რომ პოლიცია მათ მიერ ჩადენილი ქმედებების „გაპრავებას“ ცდილობს, თითქოს რეალიზატორები დაიჭირეს, ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები - როგორ ურტყამდნენ ადამიანებს, როგორ ტენიდნენ მანქანაში, მათ შორის, მეც. 900 კამერა მიღებდა და ყველამ ნახა, რომ არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ვითხოვდი, რომ გამოსულიყო პასუხისმგებელი პირი და დამლაპარაკებოდა. ამის გამო, ამწიეს ჰაერში და გამაქანეს, 3 საათი გავატარე პოლიციის ერთერთ განყოფილებაში, მშვიდად, წყნარად, ძალიან კარგად მექცეოდნენ, ვისაუბრეთ ბევრ რამეზე. მაგრამ, რისი თქმა მინდა, წესით, თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა რაღაც ილუზიები იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეიძლება ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს და რომ ხელისუფლებაში არსებობენ პროგრესული ძალები და რეგრესული ძალები და, აბა, ჩვენ მხარი დავუჭიროთ პროგრესულ ძალებს, რომ რამენაირად, იქნებ გავიდეს ეს კანონპროექტი, მე მგონი, ეს ილუზიები დამთავრდა ყველასთვის. გუშინ, ძალიან გასაგებად, სახელმწიფომ გაგვცა ყველას პასუხი. ვისაც იმედი გვქონდა, რომ ამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლებოდა, გვითხრეს არა უბრალოდ „არა“, არამედ გვითხრეს, რომ უფრო ველურები და უფრო თავხედები იქნებიან, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილან. ეს გვანახეს გუშინ ღამით." - თქვა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ჯაფარიძემ მოქალაქეებს დღევანდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მოქალაქეების ორგანიზებით, დღეს 15 საათზე პარლამენტის ძველ შენობასთან აქცია გაიმართება, სახელწოდებით, "ჩვენ თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ."

წუხელ ღამის კლუბებში ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმი შეიძრა და შსს-ს ინფორმაციით, "ნარკოტიკების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს." სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს რომ დაკავებული ადამიანების რაოდენობას ვერ ეტყვიან და ბრიფინგს უნდა დაველოდოთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ საატზე გაიმართება ბრიფინგი უწყებაში. თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, 60-მდე ადამიანია დაკავებული. კლუბებში ბასიანი და გალერი, სპეცდანიშნულების რაზმი გვიან ღამით შეიჭრა.

კომენტარები