საპროტესტო აქცია

ჩვენ თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ-ძველ პარლამენტთან 15:00-ზე აქცია გაიმართება

თბილისში, პარლამენტის ძველ შენობასთან დღეს 15:00 საათზე აქცია "ჩვენ თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ" გაიმართება. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და შემდეგ გამართული მხარდამჭერი აქციის დარბევას გააპროტესტებენ.

"საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! 
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად! "" - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი სპეცოპერაციების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც, შსს-ს ინფორმაციით, "ნარკოტიკების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს," კლუბების მხარდასაჭერად წუხელვე აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციელებმა დაარბიეს და რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე დაიჭირეს. შსს-ში ტაბულას უთხრეს რომ დაკავებული ადამიანების რაოდენობას ვერ ეტყვიან და ბრიფინგს უნდა დაველოდოთ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ საატზე გაიმართება ბრიფინგი უწყებაში. თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, 60-მდე ადამიანია დაკავებული. კლუბებში ბასიანი და გალერი, სპეცდანიშნულების რაზმი გვიან ღამით შეიჭრა.

კომენტარები