ვენესუელა

კვერცხები კბილის პასტის სანაცვლოდ - ვენესუელაში ფულის ნაცვლად ბარტერზე გადავიდნენ

Getty Images

თმის შეჭრა სამ ბანანად, ტაქსი ორ კოლოფ სიგარეტად, კბილის პატსა ორ კვერცხად, 1 კილო შაქარი 2 კილოგრამ ფქვილად და ასე შემდეგ. ვენესუელაში არსებული ჰიპერინფლაციისა და ეკონომიკური კოლაფსის გამო მოსახლეობა ვაჭრობაში სულ უფრო ხშირად იყენებს ბარტერულ გაცვლას. 

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ დამანგერეველ მაჩვენებელს 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, მოსახლეობამ ბარტერული გაცვლისთვის facebbook-ში სპეციალური ჯგუფებიც კი შექმნა. ამავე მიზნით აქტიურად გამოიყენება სხვა სოციალური ქსელები და ინტერნეტ ფორუმები. ეს კი ხდება ქვეყანაში, რომელიც ნავთობის დამტკიცებული მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგანაც მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

სინამდვილეში კი კრიზისის მიზეზი ქვეყნის მიერ გასული 20 წლის განმავლობაში გატარებული სოციალისტური რეფორმები გახდა. ვენესუელას ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის უმთავრესი წყარო ნავთობის ექსპორტისგან მიღებული უცხოური ვალუტა იყო. ქვეყანა იქამდე სანამ ბარელი ნავთობის ფასი $100-ს აღემატებოდა ახერხებდა გადაეხადა სხვადასხვა სუბსიდიები და სოციალური გასაცემლები, თუმცა გლობალურად ნავთობის გაიაფების შედეგად აშკარა გახდა, რომ ვენესეულას ფინანსური სტაბილურობა ზედმეტად იყო დამოკიდებული ნავთობის ფასზე, რომელიც ცვალებადია. 

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

2017 წელს ვენესუელა 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. 

კომენტარები