ფეხბურთი

დაპირისპირება გორის სტადიონზე - გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

გორის საფეხბურთო სტადიონზე გუშინ გორის დილასა და თბილისის დინამოს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დამტვრეულია ინვენტარი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 184-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საფეხბურთო კლუბების გორის დილასა და თბილისის დინამოს მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს" - აცხადებს შსს. 

გორის სტადიონზე ეროვნული პირველობის გუშინდელი მატჩი ფრედ დასრულდა. 

კომენტარები