თბილისის მერია

მერია: ვაკის პარკში 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამი სახეობის ბალახს ვთესავთ

თბილისის მერიის ცნობით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკში 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამი სახეობის ბალახს თესავს (festuca rubra, lolium perenne, lolium westerwoldicum). მერიის ინფორმაციით, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე დაიგო რულონური ბალახი.

"500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი გამოიცვალა რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებშიც. გარდა ამისა, დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩატარდა თბილისის მასშტაბით, რის შედეგადაც ბარათაშვილისა და გურამიშვილის გამზირებზე დაიგეგმა დაზიანებული ჰიდრო სისტემების მოწესრიგების ღონისძიებები. ჰიდრო სისტემები მოწესრიგდა თამარაშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირსა და ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად მიმდინარეობს სანდრო ეულის ქუჩის სარწყავი სისტემის მოწესრიგება, რის შემდეგადაც იგეგმება 2 050 კვადრატული მეტრი რულონური ბალახის დაგება" - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ თბილისის მასშტაბით ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახი 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება, ხოლო რულონური ბალახი - 10 000 კადრატულ მეტრზე დაიგება.

ვაკის პარკის გარდა, ბალახის დათესვა დაგეგმილია 9 აპრილის ბაღში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის (კიკვიძის) პარკში, ვერის პარკში და რიყის პარკში.

კომენტარები