ლგბტ უფლებები

ბარამიძე: ტრანსგენდერთა სქესის შეცვლის ჩანაწერზე საკმარისი კომპეტენცია არ გვაქვს

პარლამენტი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს არ აქვს კომპეტენცია, მარტომ გადაწყვიტოს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის საკითხი. 

ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადაც ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშის შესახებ მოხსენებას უპასუხა. 

"სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემაზე იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია, რომ როგორც ცალკე აღებულმა უწყებამ რამე პასუხი გასცეს ამ საკითხს. ეს არის ისეთი თემა, რომელიც საჭიროებს ფართო კონსულტაციებს და შეთანხმებას სხვადასხვა უწყებას შორის. აქედან გამომდინარე, თუ გაიხსნება ასეთი კონსულტაციები, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ცალკე აღებულად ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია არ გაგვაჩნია", - თქვა სანდრო ბარამიძემ. 

გენდერული იდენტობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, "ტრანსგენდერი პირებისთვის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემულ ყველა ძირითად დოკუმენტში დაინერგოს მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული პროცედურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზაქციის პროცესისგან".

არსებული კანონმდებლობით, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სექსის შესახებ ჩანაწერის შეცვლა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი სექსის შეცვლის სამედიცინო ოპერაციას გაიკეთებს.  

ტრანსგენდერი ადამიანების დოკუმენტში სქესის შეცვლის ამ პრაქტიკას აპროტესტებენ. 8 მარტს მათ აქციაც გამართეს. 

"მართალია, ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანმა უკვე გაიარა სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია. რეალურად კი ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან/და ხელმიუწვდომელია: სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია ძალიან ძვირია და მას დაზღვევა არ ანაზღაურებს; საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება; ოპერაცია იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ადამიანის იძულება, გაიკეთოს სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია - არაჰუმანურია. სახელმწიფოსგან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა", - აცხადებდა აქციის ორგანიზატორი 'ქალთა მოძრაობა". 

კომენტარები