ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 15%-სთვის ევროკავშირის წევრობა მიუღებელია, 9%-მა კი არ იცის.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 72%-ისთვის იყო მისაღები, მიუღებელი 21%-ისთვის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 7%-ს.
ახალი გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის ყველაზე მეტი მომხრე დედაქალაშია. თბილისში გამოკითხულთა 81%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 13%-მა უარყოფითად, 6%-მა კი არ იცის.
დიდ ქალაქებში ევროკავშირის წევრობას 78% ემხრობა, 15% კი ეწინააღმდეგება. პატარა ქალაქებში 76% ემხრობა, 14% ეწინააღმდეგება. ასევე, 76% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას სოფლებში, თუმცა 16% ეწინააღმდეგება. ყველაზე ნაკლები მომხრე და მეტი წინააღმდეგი ევროკავშირს უმცირესობათა დასახლებებში ჰყავს - მომხრე 50%, მოწინააღმდეგე 21%, 26%-მა კი არ იცის.
აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ემხრობიან, ამის მიზეზად საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას (63%), მეტ უსაფრთხოებას (31%), დემოკრატიის გაძლიერებასა და განვითარებას (19%), უვიზო მიმოსვლას (17%) და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას (16%) ასახელებს.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.