შოუ-ბიზნესი

35-წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA ორ ახალ სიმღერას ჩაწერს

35-წლიანი პაუზის შემდეგ, ცნობილი მუსიკალური ჯგუფის ABBA-ს წევრები ახალი სიმღერების ჩასაწერად ისევ გაერთიანდნენ.

4 ადამიანისგან შემდგარმა შვედურმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელიც ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში 9 ტოპ-ჰიტის ავტორი იყო და რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი ალბომი აქვს გაყიდული, ინსტაგრამის საშუალებით განაცხადა, რომ ისინი ისევ ერთად არიან ორი ახალი სიმღერის ჩასაწერად. ახალი პროექტი ჯგუფის წევრების ავატარების მიერ მუსიკალური ნომრების შექმნას მოიაზრებს, რომელსაც ტურნეში აჩვენებენ.

“გადაწყვეტილებამ, რომ ABBA-ს ავატარების ტურნე გაგვეკეთებინა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვიგრძენით, რომ სახალისო იქნებოდა 35 წლის შემდეგ ისევ ხმის ჩამწერ სტუდიაში დავბრუნებულიყავით. ჰოდა, ასეც მოვიქეცით. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს დრო გაჩერდა და უბრალოდ ხანმოკლე შვებულებაში ვიყავით გასულები. ძალიან დადებითი განცდა იყო!” - წერია განცხადებაში.

ორიდან ერთ-ერთი ახალი სიმღერის “I still have faith in you” სატელევიზიო პრემიერა დეკემბერში შედგება.

კვირის დასაწყისში, Abba-ს ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა ტურნეს დეტალებზე ისაუბრა. პროექტი ორსაათიან ტელე-შოუს მოიაზრებს, სადაც ABBA-ს რეპერტუარს ჯგუფის წევრების კომპიუტერულად შექმნილი ავატარები შეასრულებენ. პროექტის პროდიუსერები NBC და BBC იქნებიან. ჯგუფის წევრები თვლიან, რომ ასაკის გამო უკვე ისე აღარ გამოიყურებიან, როგორც 1979 წელს, როცა მათი ბოლო ტურნე ჩატარდა.

ავატარების მსოფლიო ტურნე მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

ცნობილი შვედური მუსიკალური ჯგუფი 1982 წელს დაიშალა და უამრავი ჰიტი დაუტოვა მსმენელს. მათ შორის იყო: Dancing Queen, The Name Of The Game, Take a Chance on Me და მრავალი სხვა.

მათი ცნობილი Jukebox-მიუზიკლია Mamma Mia!, რომლის დებიუტიც 1999 წელს შედგა და ახლაც აქტუალურია ლონდონსა და მთელს მსოფლიოში.

2008 წელს გადაიღეს ფილმი Mamma Mia, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 615 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმის მეორე ნაწილი Mamma Mia: Here We Go Again ივნისში გამოდის, სადაც ასევე გამოიყენებენ ABBA-ს სიმღერებს. ფილმის მსახიობების მერილ სტრიპის, ამანდა სეიფრიდისა და კოლინ ფირტის თქმით, გაცოცხლდება ბევრი მიძინებული ჰიტი.

კომენტარები