აშშ-გერმანიის ურთიერთობა

მერკელი და ტრამპი ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხს განიხილავენ

დონალდ ტრამპი და ანგელა მერკელი
Reuters

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე სავარაუდოდ ირანის ბირთვული შეთანხმების, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების, ბალტიის ზღვაში ახალი რუსული გაზსადენის, გერმანიის სამხედრო ხარჯების გაზრდის და NATO-ს დაფინანსების საკითხებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე შესაძლო "უფრო დიდი" შეთანხმების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით მსგავსი შეთანხმების მიღწევის კარგი შანსები არსებობს და ის მყარ საფუძველზე უნდა დააშენონ.

"უნდა შეექმნათ შეთანხმება, რომელიც მოიცავდა იემენს, სირიას, ახლო აღმოსავლეთის სხვა ნაწილებს." თქვა მან.

მაკრონის თქმით ახალი შეთანხმება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასაც უნდა მოიცავდეს.

გავრცელებული ცნობით ორ პრეზიდენტს შორის საუბარი შეთანხმების დატოვების ნაცვლად არსებული პირობების გაუმჯობესებას შეეხო.

არსებული შეთანხმების დატოვების შემთხვევაში ირანი აშშ-ს მკაცრი საპასუხო ზომებით დაემუქრა. აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემთხევაში მას ირანიც დატოვებს.

დონალდ ტრამპმა შეთანხმების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება 12 მაისამდე უნდა მიიღოს. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დარწმუნებით ვერ იტყვის გაახანგრძლივებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმებას 12 მაისს.

კრიტიკას, რომ შეთანხმების დატოვების შემთხვევაში ირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა:

"ისინი არ დაიწყებენ არაფერს ხელახლა. თუ დაიწყებენ დიდი პრობლემები ექნებათ, უფრო დიდი ვიდრე ოდესმე ჰქონიათ."

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი ირანმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა 2015 წელს მოაწერეს, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ირანის ატომურ პროგრამას ლიმიტებს უწესებს.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ირანი სრულად ასრულებს შეთანხმების პირობებს.

კომენტარები