თბილისის მერია

მერია: ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, 26 აპრილიდან 15 ივნისამდე კომპანია "სპექტრუმის" ინტერვიუერები, "მგზავრთნაკადების შესწავლის მიზნით", საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს გამოკითხავენ. 

მერიის განცხადებით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად, დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები განისაზღვრება, ასევე მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები, რისი ანალიზის შედეგადაც, მერიის ცნობით, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები შემუშავდება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით დამუშავდება,"- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენაზე კვლევითი ორგანიზაცია "სისტრა" და მისი ქვეკონტრაქტორი "სპექტრუმი" იმუშავებენ.

"კვლევა 15 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის საერთო ღირებულება 790 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 490 ათასი EBRD-ის გრანტია, ხოლო 300 ათასი - მერიის დაფინანსება,"- აცხადებს თბილისის მერია. 

კომენტარები