ბულინგი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: ბულინგის ვიდეოს ტირაჟირება დაუშვებელია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო ძალადობისა და ბულინგის ფაქტებს შეიცავს. გარდა ამისა, ინსპექტორი ამბობს, რომ სრულად შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

"მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და ვიდეომასალა მოხსნილია გავრცელების რამდენიმე წყაროდან, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ხელახლა ახდენს მის ტირაჟირებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს ამგვარი ვიდეომასალის ტირაჟირებას და ყველას მოუწოდებს ამ და მსგავსი ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში მისი შემდგომი გაზიარების ნაცვლად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, ინსპექტორის აპარატს", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, ვინც ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ატვრითა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის არასრულწლოვანია.

მათივე თქმით, შინაგან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო.

ფაქტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის განცხადებით, ვიდეო ჩანაწერში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ნინო ლომჯაირა მიიჩნევს, რომ ვიდეოს გავრცელება მყისიერად უნდა აღიკვეთოს და დაიწყოს გადაუდებელი გამოძიება.

კომენტარები