ბულინგი

შსს ბავშვზე ძალადობის ვიდეოზე: დადგენილია, ვინ ატვირთა ვიდეო, ის არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, ვინც ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ატვრითა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის არასრულწლოვანია.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ფაქტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის განცხადებით, ვიდეო ჩანაწერში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ნინო ლომჯაირა მიიჩნევს, რომ ვიდეოს გავრცელება მყისიერად უნდა აღიკვეთოს და დაიწყოს გადაუდებელი გამოძიება.

კომენტარები