ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ ბიუჯეტს საჯარო მოხელეთა მივლინებაში გაშვება 71,609,200 ლარი დაუჯდა. ეს 2016 წლის მაჩვენებელზე 3 მილიონი ლარით მეტია.
გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯებიც. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სარესტორნო, ოფიციალური საჩუქრებისა და მიღებებისთვის დახარჯულ თანხას. ის 2017 წელს 22,382,000 ლარს შეადგენდა. ეს 2016 წელთან შედარებით ასევე 2 მილიონით მეტია.
მვლინებებთან ერთად, უფრო ძვირი დაჯდა მთავრობის კუთვნილი საოფისე ინვენტარის მოვლა/შენახვა. მისმა ღირებულებამ 2017 წელს 179,006,000 ლარი შეადგინა, ეს 2016 წელთან შედარებით 1 მილიონით მეტია.
2017 წელს საქართველოს ბიუჯეტი 11.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან თითქმის 30% მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯა. ბიუჯეტის 20%-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. დაახლოებით 15% კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.