საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

SYSTEM OF A DOWN-ის წევრები ერევანში მომიტინგეებს მხარს უჭერენ

მუსიკალური როკ ბენდის, System of a Down-ის წევრები დარონ მალაკიანი და სერჟ ტანკიანი სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარს უჭერენ. გუშინ მალაკიანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის სომხეთშია. 

"ჩემს დებთან და ძმებთან ერთად ვაპროტესტებ სომხეთში," - დაწერა მალაკიანმა. 

Facebook-ის საშუალებით საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა სერჟ ტანკიანიც, რომელმაც დაწერა, რომ 

"რაღაც წარმოუდგენელი ხდება სომხეთში, როგორც იქნა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იზრდება და მშრომელები და სტუდენტები ერთად დგებიან უსამართლო, კორუფციული მმართველი ელიტის წინააღმდეგ. ეს კვირა არის ახალი სომხეთის პირველი კვირა, რაც არ უნდა მოხდეს, აპათია გაქრა. სერჟ სარგსიანმა თვითონვე აღიარა, რომ მოსახლეობის 60% არ ეთანხმება და უკმაყოფილოა მისით. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობს ქვეყნის მართვას მფარველობითი ხასიათით. სერჟ, შეურაცხყოფად არ მიიღო, მაგრამ შენ არ ხარ მამაჩვენი და ჩვენ არ ვართ შენი შვილები,"- წერს ტანკიანი. 

ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

გუშინ პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა. მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები