პრეზიდენტის შეწყალება

ქორიძე: კომისია უნდა გაფართოვდეს, გაიზარდოს შეწყალების მექანიზმის სტანდარტი

პირველი რადიო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების კომისიის წევრების, პრეზიდენტის მრჩევლებისა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე შეწყალების მექანიზმის გენდერული მიმართულებით სტანდარტის გაზრდასა და კომისიის შემადგენლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საუბარი იყო შეწყალების მექანიზმში არსებულ სტანდარტებზეც, რამდენად კარგია ისინი და სად ან რა ფორმით საჭიროებს უფრო მაღალ დონეზე აყვანას.

"უნდა მოხდეს კომისიის წევრთა შემადგენლობის გაფართოება და იმ ადამიანების მოწვევაც კომისიაში, რომლებიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტად წაადგნენ ამ სტანდარტის აწევას. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, შეხვედრამ ნათელი გახადა, რომ კი ცვლილებებისთვის სივრცე არსებობს.

"გვჭირდება დახმარება პროფესიონალი ადამიანებისა და კომპეტენტური წრეების. გვჭირდება ის, რომ დღეს, შედარებით ზოგადი რჩევები გარდაიქმნას უფრო კონკრეტულ გამოსავლებში. ეს პროცესი დავიწყეთ იმისთვის, რომ შინაარსი და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი გაცილებით უფრო მაღალი გახდეს. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ამ შეხვედრის ინიციატივა მოდის პრეზიდენტისგან და პრეზიდენტი ღია იმისთვის, რომ მოვისმინოთ განსხვავებული, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებები, რაც ყოველთვის კარგია და დაეხმარება პროცესის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარნოვის ქუჩაძე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პრეზიდენტმა გასულ წელს შეიწყალა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამათა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალადობრივ დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს და იწყებს კონსულტაციებს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, ძალადობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

კომენტარები