ფემიციდი

მეზვრიშვილი: პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში არ იყო გამართლებული

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სასჯელის განახევრება გამართლებული არ იყო. 

"არ ვფიქრობ, რომ შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული, სასჯელის განახევრება. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, როცა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, არის საკმაოდ მკაცრი... ვერ მოხდება შსს-ს მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით."- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობის ასარიდებლად მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის. მისი თქმით, ასეთ დროს "სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება."

"შემაკავებელი ორდერი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მოძალადის ქცევის შეკავება ასე ვთქვათ და თავიდან არიდება ძალადობის მოახდინოს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, ბუნებრივია, საკმარისი არ არის და როცა ესეთი შემთხვევებია, სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება. ეს იქნება დაკავება, ეს იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თუ სხვა ღონისძიებები, რასაც კანონი ითვალისწინებს"- თქვა მან.

13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძეა. მის მიმართ, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა. პრეზიდენტის განმარტებით, ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "უაღრესად დადებითი დახასიათება ჰქონდა".

კომენტარები