ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ორივე პირი პოლიციელია, ერთს მოზარდის ცემაშიც ადანაშაულებენ

www.irishtimes.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხეში დაკავებული ძმები, რომლებსაც ოჯახში ძალადობაში ედებათ ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ გ.ბ.-მ ძმის ცოლს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდგომ კი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმაც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გ.ბ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელია, ხოლო ი.ბ. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი.

უწყების ცნობით, გ.ბ. და ი.ბ. 11 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ ახალციხეში დააკავეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ბრალდებულებს უფლებამოსილება უკვე შეუწყდათ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში კი განაცხადეს, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები