რასიზმი

მოედანზე, სადაც შავკანიან სტუდენტებს სცემეს, ამხანაგური მატჩი 14 აპრილს ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ "ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური შეხვედრა 14 აპრილს ჩატარდება". მატჩი შავკანიან სტუდენტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, 18:00-ზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება.

"ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა, ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა. 

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით" - აცხადებს ფეხბურთის ფედერაცია.

8 აპრილის საღამოს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ კანის ფერის გამო, მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოძალადეები დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. სტუდენტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დღეს კი, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს სთხოვა, იმავე სტადიონზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ამხანაგური მატჩი გამართოს. 

კომენტარები